1984-1994 წლები ქართულ სახვით ხელოვნებაში

XX საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ ხელოვნებაში გამორჩეულად მნიშვნელოვანი, გარდამტეხი ეტაპი 1980-90-იანი წლებია; დრო, როდესაც თანამედროვე ქართული სახელოვნებო დისკურსის ფორმირება იწყება. ახალგაზრდა მხატვრების შემოქმედებითი მრწამსი საბჭოთა რეჟიმის მარწუხების შერბილებით გათამამებულ გარემოში ყალიბდება. შემოქმედებითი პროცესი ხელოვანთათვის ამიერიდან სოციო-კულტურულ აქტივობასა და თვითშემეცნებას ნიშნავს; მაშინ ჯერ კიდევ ახალბედა მხატვრები პირველად იაზრებენ კონცეპტუალური ხელოვნების საფუძვლებს, საკუთარ არტისტულ მიდრეკილებებსა და მოთხოვნილებებს, პირველად ახდენენ „თვითიდენტიფიკაციას“ თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების სამყაროში. ამიტომაც ქართული დაზგური სურათის ტრანსფორმაციის პროცესი, მისი ტიპოლოგიური სტრუქტურის ევოლუცია, რეალურად, სწორედ ამ დროს იწყება. თუმცა საფუძველი მას ჯერ კიდევ 1960-იანი წლებში ჩაეყრება, როცა ავთანდილ ვარაზი კუბისტურ კოლაჟებს ქმნის, ალექსანდრე ბანძელაძე კი - აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის სტილის ნამუშევრებს. ქართველი მხატვრების ეს მცირე წრე მეტაფიზიკური და მსოფლმხედველობრივი პრობლემებით ინტერესდება, რაც ამჯერად ნონფიგურატიული მხატვრობის ფარგლებში ავლენს თავს. ამ ყველაფერმა ლოგიკური გაგრძელება 1980-იან წლებში ჰპოვა და აბსტრაქცია, როგორც გამოსახულების კონიუნქტურისგან თავისუფალი მხატვრული ენა, ახალგაზრდა მხატვართა თვითგამოხატვის ერთ-ერთ მთავარ ასპარეზად აქცია.

აბსტრაქციისადმი ერთგულების პარალელურად მოცემული თაობისათვის ობიექტური რეალობისადმი ინტერესი, ხატოვანებისაკენ ლტოლვა და საგნობრივი სამყაროს მატერიალური არსის წვდომის სურვილია დამახასიათებელი. შემოქმედებითი იმპულსებისა და მხატვრული ინტერესების გარკვეული სიახლოვის მიხედვით, 1980-იანელთა თაობის წარმომადგენლები ორ ძირითად კატეგორიად შეიძლება დაიყოს: დამოუკიდებელი მხატვრული პრაქტიკის მქონე ინდივიდუალისტ-ინტელექტუალური მხატვრები და საერთო კონცეპტის გარშემო მიზანმიმართულად გაერთიანებული მხატვრები, რომელნიც ჯერ ჯგუფ „არქივარიუსში“ ერთიანდებიან, შემდეგ კი “მეათე სართულის” სახელით ცნობილ „თავისუფალ მხატვართა კოლეგიას” ქმნიან.

ინდივიდუალისტურ-ინტელექტუალური მიმართულების წარმომადგენლებისათვის მნიშვნელოვანია როგორც ხელოვნების თეორია, ისე ინტელექტუალური პერცეფცია, მათ აღარ აკმაყოფილებთ მხოლოდ “სპეციფიკური მხატვრული საშუალებებით ოსტატური მანიპულირება”, რადგან მიაჩნიათ, რომ “მხატვრობა უფრო მეტია თავისი მისიით” (კარლო კაჭარავა). ამგვარად, ამ მიმართულების ახალი თაობის მხატვართა მთავარი განაცხადი ქართულ მხატვრობაში თემატური სურათის მნიშვნელობის აღდგენა ხდება. თემატური სურათის არა სტილიზებულად გადაგვარებული, არამედ ჭეშმარიტი მნიშვნელობის აღდგენის სურვილმა კი ლოგიკურად წარმოშვა თემატური კონცეპტუალიზმი. იმ დროს ჯერ კიდევ ახალბედა მხატვრები თამამად მიმართავენ მანამდე ტაბუირებულ რელიგიურ, ისტორიულ თუ ინტელექტუალურ თემებს და ხშირად, ეზოთერული ცოდნის პრიზმაშიც კი გარდატეხენ მათ. “მეათე სართულის” ჯგუფის წევრებმა (მამუკა ცეცხლაძე, ნიკო ცეცხლაძე, კარლო კაჭარავა, მაია ცეცხლაძე, ოლეგ ტიმჩენკო, მამუკა ჯაფარიძე, ლია შველიძე, გია დოლიძე, თემურ იაკობაშვილი, გია ლორია, მოგვიანებით, კოკა რამიშვილი) საზოგადოების ყურადღება მარჯანიშვილის სახელოსნოში ერთობლივი მუშაობის დროს მიიპყრეს თავისი გამომწვევი, ხშირად არაორდინარული და ექსტრავაგანტული ქცევითა და ეპატაჟური, ექსპერიმენტული მხატვრული პრაქტიკით. საზოგადოებისათვის უჩვეულო და მოულოდნელი იყო მათი ხაზგასმით დიდი ზომის რკინის, ხისა თუ სხვა არატრადიციული მასალის ობიექტები, საზოგადოებრივ სივრცეებში მოწყობილი აქციები და სხვა (აქცია რესპუბლიკის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში, დადა მეფის არჩევა, ოლეგ ტიმჩენკოს აქცია დეზერტირების ბაზარში და ა.შ.). ამ დროს გაჩნდა ახალი მედიუმები: ფოტოგრაფია, ობიექტი, ინსტალაცია, ჰეფენინგი, პერფორმანსი. ახალგაზრდა, კარგი გაგებით ამბიციურ ქართველ მხატვართა მიზანი იმხანად, თანამედროვე ხელოვნების ყველა შესაძლო მედიუმში საკუთარი ძალების მოსინჯვა ხდება. მხატვრები აქტიურად თანამშრომლობენ პოეტებთან (დათო ჩიხლაძე) და მათთან ერთად ნეოდადაისტურ-ფუტურისტული ჟინით შეპყრობილ აქციებს აწყობენ.

მარჯანიშვილის სახელოსნოში ერთობლივი მუშაობის დროს ჯგუფი აქტიურად იწყებს საჯარო სივრცეში გასვლას; იდეალისტი ახალგაზრდა მხატვრები უარს უცხადებენ პოლიტიკუად, ეკონომიკურად თუ კულტურულად განადგურებული პოსტსაბჭოთა ქვეყნის სინამდვილეს და ცდილობენ, სახელოვნებო იმპულსით გამსჭვალონ გარდაქმნების პროცესში მყოფი ჰიბრიდული ქვეყანა-სუროგატის, მათთვის მიუღებელი ნაცრისფერი რეალობა.

და მაინც, ხსენებული ჯგუფის წარმომადგენელთა ხელოვნება რომანტიზმის, ნეორომანტიზმისა და ნეოექსპრესიონიზმის თავისებურ ტრანს-ავანგარდულ ინტერპრეტაციას ახდენს. ამის შესახებ კარლო კაჭარავა წერდა: “ჩვენ არ მივისწრაფვოდით რომელიმე კონკრეტული [მხატვრული] გამოცდილების სისტემატიზირებისაკენ. გერმანულ რომანტიზმსა და ექსპრესიონიზმზე დაყრდნობით ჩვენ ხატოვანებისკენ ლტოლვა გვახასიათებდა”. ფერწერისათვის სრულიად ახალი და არატრადიციული მასალით: აკრილის საღებავებითა და გუდრონით შესრულებული დიდი ზომის ტილოებით მხატვრები როგორც ფიგურატიული, ისე არაფიგურატიული სახვითობის ფარგლებში ობიექტის მიზანმიმართულ ესთეტიზაციასა და იდეალიზაციას ცდილობენ; მათი, როგორც ხელოვანთა პოზიცია, დემორალიზებული, შლადი სამყაროს შელახული ღირსების აღდგენა და მისი ახალი ხატ-სახეებით

“გამდიდრება-გაძლიერებაა”.

ქრისტინე დარჩია