ინსტრუქციები:
გადაიყვანეთ თამაში full screen mode – ზე;
დააწკაპუნეთ ეკრანს;
სასიარულოდ გამოიყენეთ:
w – წინ, s – უკან, a – მარცხნივ, d – მარჯვნივ ან ისრები.
მაუსით ასწორებთ ხედვის მიმართულებას.

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი თბილისი: 1984-1994

ვირტუალური მუზეუმი, “თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი თბილისი” უნივერმაღ “თბილისის” შენობაშია განთავსებული. უნივერმაღი “თბილისი” 1975 წელს აშენდა და ათიოდე წლის წინ დაანგრიეს, მის ადგილას კი სავაჭრო ცენტრი - “გალერია თბილისი” აშენდა.

ეს შენობა, შეიძლება ერთგვარი სიმბოლო იყოს საქართველოში წარსულის მიმართ დამოკიდებულებისა. წარსულის დავიწყება, წაშლა ან “ევრორემონტით” ჩანაცვლება, ერთეული შემთხვევა კი არაა, კანონზომიერებად იქცა. ამიტომ გადავწყვიტეთ, დანგრეული, გამქრალი შენობა ხელოვნების მეხსიერების საცავდ გვექცია.

ხელოვნება საზოგადოების, ქვეყნის, დროის ანარეკლია. ხელოვნება საქართველოში ისეთივეა, როგორიც ჩვენ ვართ. ხელოვნების ისტორიაც საქართველოს ისტორიას ჰგავს. გაფანტული არქივები, მითები, ლეგენდები, უზუსტობები, დავიწყებული და გამქრალი გვერდები, ზეპირად გადმოცემული ისტორია.

აქ, ამ გამქრალ შენობაში, ქართული ხელოვნების მნიშვნელოვან პერიოდს დაედო ბინა.

ეს პერიოდი არა მხოლოდ ხელოვნების, არამედ ქვეყნის ისტორიისთვისაც გარდამტეხი დროა. დრო - როდესაც იმპერია ინგრევა და ნანგრევებში ახალი კულტურა, ახალი ისტორია უნდა დაიწყოს.

საქართველოში ხელოვნება არ არის ერთგვაროვანი. ხელოვნებას აქ ბევრი სახე, ბევრი პარალელური რეალობა აქვს. გადავწყვიტეთ, აქ ის ხელოვნება გაჩვენოთ, რომელიც ძიებების, ახალი ენის პოვნის, ახალი იდეების, ფორმების და სააზროვნო სივრცის შექმნას ცდილობდა და რომელიც თანამედროვე ხელოვნების წინაპირობა იყო.

ხელოვნება, რომელიც ახალ სიტყვებს ეძებს. ხელოვნება, რომელიც ხან თავშესაფარი, ხან ჯადოსნური ხომალდია. ხომალდი, რომელმაც ახალგაზრდა მხატვრები სამშვიდობოს უნდა გაიყვანოს.

შემოქმედება, რომელიც ნანგრევებში ატეხილ ომებს, შიმშილს, სიცივეს, გაჭირვებას, კრიზისებს სხვადასხვა ფორმით ირეკლავს, იკვლევს. ზოგჯერ თვალსაც ხუჭავს სინამდვილეზე, ზოგჯერ კი ფანჯრიდან აკვირდება და აფიქსირებს, ინახავს.

ხელოვნება, რომელიც თანამედროვე ხელოვნების სიზმარივით, მოჩვენებასავითაა, რადგან, დღემდე ვერ გაჩნდა შენობა, სადაც ეს დრო, ეს მხატვრები ბინას დაიდებდნენ და პირობითი ანდერგრაუნდიდან ცის ქვეშ მოხვდებოდნენ, მზის სინათლეს იხილავდნენ.

აქ, ამ შენობაში 10 წელია თავმოყრილი. 1984-1994. პერესტროიკიდან სამშვიდობომდე.

ამ წლებში ქართულ ხელოვნებაში ბევრი რამ იცვლება. ჩნდება ახალი ჯგუფები, ახალი მედიები, ახალი იდეები. 10 წელი, რომელსაც აქ ნახავთ, ე.წ. ოფიციალური ხელოვნების პარალელურად მიმდინარე პროცესებს ასახავს. ნამუშევრების უმეტესობა კერძო კოლექციებშია დაცული და საზოგადოებისთვის ხელმიუწვდომელია.

ფორმატის სპეციფიკიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ მხოლოდ 2დ ნამუშევრები წარმოგვედგინა: ფერწერა, გრაფიკა, ფოტო. აქ ბევრი მნიშვნელოვანი ნამუშევარი ვერ მოხვდა, ზოგი დაკარგულია, ზოგი საზღვარგარეთ გაიყიდა.

ადრე თუ გვიან, თბილისს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ექნება და იქ, ნამდვილ შენობაში ქართული ხელოვნება სრული სახით წარდგება დამთვალიერებლის წინაშე.

მანამდე კი აქ, ვირტუალურ რეალობაში, იმ დროის სიზმრების, მოჩვენებების, ოცნებების და სინამდვილის სანახავად გიწვევთ.

მუზეუმში გამოფენილია: ალექსანდრე ბანძელაძე, ილიკო ზაუტაშვილი, ლუკა ლასარეიშვილი, ირაკლი ფარჯიანი, ლევან ჭოღოშვილი, გია ბუღაძე, უშანგი ხუმარაშვილი, თემო ჯავახიშვილი, ბორის შავერდიანი, ავთო მესხი, კარლო კაჭარავა, თემურ იაკობაშვილი, გია ლორია, გოგა მაღლაკელიძე, ქეთი კაპანაძე, მამუკა ცეცხლაძე, მამუკა ჯაფარიძე, მაია ცეცხლაძე, ნიკო ცეცხლაძე, ოლეგ ტიმჩენკო, ლია შველიძე, გია რიგვავა, გურამ წიბახაშვლი, ირაკლი მაისურაძე, გაიანე ხაჩატურიანი, კოკა რამიშვილი, კოკა ცხვედიანი, კოტე ჯინჭარაძე, მიშა შენგელია, ვახო ბუღაძე, მიშა გოგრიჭიანი, კოტე სულაბერიძე, დათო ალექსიძე, მურთაზ შველიძე, დავით ჩიხლაძე.

მუზეუმში გამოფენილი ნამუშევრების ნაწილი დაცულია არჩილ დარჩიას და თემურ უგულავას კერძო კოლექციებში.

პროექტზე მუშაობდნენ:
კონცეფცია და დიზაინი: მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე;
ხელოვნებათმცოდნე: ქრისტინე დარჩია;
დეველოპერი: ალექსანდრე ლაშხი;
ვებ დეველოპერი: გიორგი იაშვილი;
ფოტო: ლაშა ცერცვაძე;

განსაკუთრებული მადლობა ნოდარ კვანჭიანს და metaform-ს მასალების მოწოდებისთვის.
დიდი მადლობა გურამ წიბახაშვილს.
მადლობა პროექტში მონაწილე თითოეულ მხატვარს თანამშრომლობისთვის.

პროექტი განხორციელდა “შემოქმედებითი საქართველოს” მხარდაჭერით.